ვენდი ჰანტერი, გადაუდებელი დახმარების განყოფილების პედიატრია, რომელიც მშობლებს პირად და პროფესიულ გამოცდილებას უზიარებს. შეშინებულ მშობლებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილების შემდეგ, ჰანტერმა გადაწყვიტა ჩამოეთვალა ბავშვთა ის სიმპტომები, რომლებიც მშობლებს ყველაზე ხშირად აშინებს, სინამდვილეში კი სანერვიულო არაა.

„როგორც სასწრაფო დახმარების პედიატრი და ორი შვილის დედა, თანავუგრძნობ მშობლებს, რომლებიც ისტერიკაში ჩავარდნილნი რეკავენ სასწრაფო დახმარების მისაღებად, სინამდვილეში კი მათ შვილს საშიში არაფერი სჭირს. ამაში გასაკვირი არაფერია – ზოგიერთი სიმპტომი მართლაც აშინებს მშობელს და მინდა იცოდნენ, რომელი ჩვენებები არ არის საშიში, რათა ზედმეტად არ ინერვიულონ. რა თქმა უნდა, რეალური გადაუდებელი შემთხვევები მცირეწლოვან ბავშვებსაც ემართებათ, მაგრამ ბევრია ისეთი პრობლემა, რომელიც საშიშს ჰგავს, რეალურად კი უვნებელია. მაგალითად, უკონტროლო კანკალი, რომელიც მოზრდილებში შეიძლება სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს, ბავშვებში ხშირად ფიზიოლოგიური მოვლენაა. ვინაიდან მათი ფიზიკური განვითარება ახლა იწყება, სწრაფად ცვალებადმა ჰორმონებმა შეიძლება ორგანიზმის უცნაური რეაქციები გამოიწვიოს.

დამშვიდებაში რომ დაგეხმაროთ, მე შევადგინე ბავშვობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, რომლებიც საშიშად გამოიყურება, მაგრამ სრულიად ნორმალურია. თუმცა, როცა გაეჭვებთ თქვენი შვილის ჯანმრთელობა, ყოველთვის გირჩევთ, მიმართოთ სამედიცინო დახმარებას. ცრუ განგაში სჯობს დაგვიანებულ დახმარებას.“ – წერს პედიატრი. მისი ჩამონათვალი კი ასეთია:

1. კრთომა და კანკალი ძილში

ჰანტერის თქმით, ძილში კანკალის გამო მშობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშიც მოთავსდა, მაგრამ როდესაც პედიატრმა გოგონა მოინახულა, უვნებელი დიაგნოზი დაუსვა, რომელსაც ძილის კეთილთვისებიანი მიოკლონუსი ეწოდება.

ბავშვის კრუნჩხვების მსგავსი მოძრაობები მხოლოდ ძილში ხდებოდა და მყისიერად შეწყდა, როცა ბავშვი გამოფხიზლდა. ჩვილთა ნერვული სისტემა ჯერ კიდევ მოუმწიფებელია და ამიტომ მათი მოძრაობები ძილში ნაკლებად კოორდინირებულია, ვიდრე სიფხიზლის დროს.

ექიმებმა არ იციან, რატომ ჩნდება კეთილთვისებიანი ძილის მიოკლონუსი, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს კანკალი სრულიად უვნებელია.

როდის არის ძილში კრთომა საშიში?

მთავარი მაჩვენებელი იმისა, რომ ბავშვს აქვს კრუნჩხვები, არის თვალის არანორმალური მოძრაობა სხეულის მოძრაობებთან ერთად. თუ შეამჩნევთ ამ საშიშ სიმპტომს ან თუ სუნთქვა გაუჭირდება, ლურჯი, იასამნისფერი ან ნაცრისფერი ფერი გადაჰკრავს, ან აქვს კრუნჩხვები, რომელიც ხუთ წუთზე მეტხანს გრძელდება, აუცილებლად მიმართეთ სასწრაფო დახმარებას.

2. გაჭედილი ცხვირი და უჩვეულო სუნთქვა

დედამ 2 კვირის ბავშვი სასწრაფოში მოიყვანა, რადგან ბავშვს ცხვირი ჰქონდა გაჭედილი, თუმცა გაციების სხვა სიმპტომები არ შეინიშნებოდა. ღამით სუნთქვა გაუხშირდა.

სინამდვილეში შეშუპების ამ ფორმას ჰორმონი ესტროგენი იწვევს, რომელიც ბავშვს საშვილოსნოში ან ძუძუთი კვების დროს გადაეცემა. ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ ორი თვის ასაკისთვის ქრება. 6 თვისთვის, როდესაც ბავშვის ცხვირის სადინარები გაძლიერდება, ეს შეშუპება ან საერთოდ ქრება, ან თითქმის შეუმჩნეველი ხდება.

როდის არის საშიში ცხვირით სუნთქვის გაძნელება:

გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების განყოფილება, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი სუნთქვისას ძლიერად ბერავს ნესტოებს (რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მისი ერთადერთი გზაა ჰაერის გასატარებლად) ან თუ გულმკერდი ან მუცელი ძლიერად ეკუმშება – ეს უკვე სუნთქვის უკმარისობის ნიშნებია.

სუნთქვის უკმარისობის კიდევ რამდენიმე სხვა ნიშანი ჩვილებში, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ:

  • სწრაფი სუნთქვა, რაც შეიძლება ნიშნავს, რომ თქვენი შვილი არ იღებს საკმარის ჟანგბადს;
  • ხრიალის ხმა, როდესაც თქვენი ბავშვი ამოისუნთქავს;
  • მას ახლავს ოფლიანობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კანი ცივი და სველია;
  • ხიხინი ან სტვენის ხმები, რაც შეიძლება მიუთითებდეს სასუნთქი გზების შეზღუდვაზე.

3. სიმაგრე მკერდში

6 კვირის ბიჭის მშობლები სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მივიდნენ მას შემდეგ, რაც ერთ დილით მარჯვენა ძუძუსთან შეშუპება შენიშნეს. როდესაც დაბადების შემდეგ ესტროგენის დონე კლებას დაიწყებს, ჰორმონი პროლაქტინი დროებით მატულობს, რამაც შეიძლება მკერდში ეს ცვლილებები გამოიწვიოს.

ჯანმრთელ ახალშობილთა სულ მცირე 50% -ს ეს სიმპტომი მხოლოდ ერთ მხარეს აქვს. ახალშობილი ბიჭების 5% კი რძისებრი გამონადენი აქვს.

როდის არის საშიში მკერდის გამაგრება?

თუ ბავშვის მკერდი გაწითლებული და მტკივნეულია, ან მას ახლავს ტემპერატურაც, მიმართეთ ექიმს, რათა ინფექცია ან ჰორმონალური პრობლემები გამოირიცხოს.

4. სისხლიანი ნერწვი

ერთმა შეშფოთებულმა წყვილმა 5 თვის ვაჟი მოიყვანა ჩემს განყოფილებაში, რადგან ძუძუთი კვების შემდეგ ნერწვში სისხლის ლაქები შენიშნეს. თუმცა სისხლიანი ნერწყვი იშვიათად არის შემაშფოთებელი, თუ ბავშვს სხვა სიმპტომი არ აქვს. ეს შეიძლება დედის ძუძუში ანთებითი პროცესისგან გამოწვეული სისხლი იყოს, რომელიც ბავშვმა რძესთან ერთად გადაყლაპა. საყლაპავის მცირე კაპილარული დაზიანებაც შესაძლებელია და არც ეს არის საგანგაშო.

როდის არის საყურადღებო სისხლიანი ნერწყვი:

თუ ბავშვს ჭარბად აქვს სისხლი პირში, ან ღებინებისას აყოლებს სისხლს.

5. სიყვითლე

ეს ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც “კაროტენემია” ეწოდება და ბეტა-კაროტინით მდიდარი ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღებით არის გამოწვეული. ბავშვებს უყვართ კაროტინით მდიდარი საკვების მოტკბო გემო. ზოგიერთი საკვები თავად არ არის ნარინჯისფერი, მაგრამ ბეტა-კაროტინს დიდი რაოდენობით შეიცავს.

კაროტენემია მოზრდილებს არასოდეს აწუხებთ, მხოლოდ ბავშვი ნაწლავები იწოვს მას ჭარბად. თუ პატარამ საჭიროზე მეტი კაროტინი მიიღო, ის ოფლთან ერთად გამოიყოფა და ღებავს კანს. პირველად ნარინჯისფერს იქ შეამჩნევთ, სადაც ბავშვს ყველაზე მეტი საოფლე ჯირკვალი აქვს – ცხვირზე, ხელისგულებსა და ტერფებზე.

6. არათანაბარი სუნთქვა

ბებიამ სასწრაფო გამოიძახა მას შემდეგ, რაც მის 3 კვირის შვილიშვილს სუნთქვა რამდენჯერმე შეეკრა. მძინარე ჩვილი სწრაფად სუნთქავდა დაახლოებით 20 წამის განმავლობაში და შემდეგ მთლიანად შეწყვიტა სუნთქვა.

მიუხედავად იმისა, რომ არარეგულარული სუნთქვა შეიძლება საგანგაშოც იყოს, არათანაბარი სუნთქვა ხშირია ახალშობილებში. ჩვეულებრივ, ჩვილები უფრო სწრაფად სუნთქავენ, ვიდრე მოზრდილი ბავშვები, რადგან მათი ფილტვები უფრო პატარაა სხეულის ზომასთან შედარებით.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საქმე ქიმიურ სენსორებშია, რომლებიც ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა და ბავშვის ორგანიზმი ზოგჯერ უბრალოდ “ხვდება”, რომ სუნთქვა სჭირდება. სუნთქვა ჩერდება მანამ, სანამ ნახშირორჟანგის დონე საკმარისად მაღალი არ იქნება, რომ „სენსორებმა“ იგრძნონ და ამოქმედდნენ.

როდის არის შემაშფოთებელი არასტაბილური სუნთქვა:

როცა კანის ფერიც ჟანგბადის ნაკლებობაზე მიუთითებს – მოლურჯო, მონაცრისფრო ან მეწამული კანი აქვს. (განსაკუთრებით ტუჩების და ფრჩხილების გარშემო) ან ლორწოვან გარსებზე (როგორიცაა ღრძილები), ან ნიშნები იმისა, რომ ბავშვს უჭირს სუნთქვა. ეს ყველაფერი სასწრაფო დახმარებას მოითხოვს.

7. ყაბზობა

დედამ 2 წლის ქალიშვილი მოიყვანა სასწრაფოში, რადგან ბავშვს 5 დღის განმავლობაში კუჭის მოქმედება არ ჰქონდა.

„პატარა ბავშვებმა ჯერ არ იციან როგორ გააკონტროლონ და კოორდინაცია გაუწიონ ანალურ სფინქტერს, კუნთს, რომელიც განავალს სწორ ნაწლავში ატარებს, მათ ძალა უნდა დაატანოს, რომ განავალი ამ კუნთს გასცდეს.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს:

თუ ბავშვის განავალი მძიმეა ან მარცვლოვანი, რაც შეკრულობის აშკარა ნიშნებია. ან თუ ბავშვი ყოველდღიურად არ გადის კუჭში სიცოცხლის პირველი თვის განმავლობაში. ეს შეიძლება ნერვებთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიუთითებდეს, რომლებიც სწორ ნაწლავს აკონტროლებენ.

აქციები:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *